ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქმიანობა

  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომლის საქმიანობის მიმართულებებია:  

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი სათავეს 2013 წლიდან იღებს. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობა კი 2015 წლიდან ხორციელდება. აღნიშნულ უფლებამოსილებებს 2013-2019 წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, ხოლო 2019 წლიდან 2022 წლამდე მისი უფლებამონაცვლე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებდა.

2022 წლის 1 მარტიდან აღნიშნული მანდატი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიენიჭა.

   პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:    

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;

გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ე) პროფესიონალიზმი;

ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა და მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლია. ამ მიზნით სამსახური საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);
  • მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადებების განხილვა;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე ფიზიკური პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
  • საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

  ინსპექტირება  

ინსპექტირება საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებაა, რომლის განხორციელებაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფროსს ნებისმიერ დროს,  როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შეუძლია.

შემოწმების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში, გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და ინფორმაციას, მიუხედავად მათი შინაარსისა და შენახვის ფორმისა. ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისაგან გამოითხოვოს დოკუმენტები,  მათ შორის კომერციული და პროფესიული საიდუმლოების შემცველი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა, რომელი სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და აუცილებელია შემოწმების განსახორციელებლად.

  მოქალაქეთა განცხადებების განხილვა  

თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ მისი მონაცემები კანონდარღვევვით მუშავდება, მას შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. განცხადების განხილვის პროცესში სამსახური სწავლობს და აფასებს წარმოდგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირებისგან ითხოვს დამატებით მასალას და ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის ინსპექტირებას.

განცხადების განხილვის ვადა ორი თვეა, დასაბუთებული გადაწყვეტილებით კი განცხადების განხილვის ვადა შესაძლოა ერთი თვით გაგრძელდეს.

  კანონდარღვევაზე რეაგირების ბერკეტები  

ინსპექტირების ან მოქალაქის განცხადების  განხილვის შედეგად კანონდარღვევის დადგენის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია:

  • მონაცემთა დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირს დააკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, გაფრთხილების ან ჯარიმის სახით;.
  • მონაცემთა დამმუშავებელს დაავალოს ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება; მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა; მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, დეპერსონალიზაცია, სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შეწყვეტა;
  • მიმართოს სასამართლოს, თუ მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი არ ასრულებს პერსონალურ მონაცმეთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნებს;
  • მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები.
  • პერსონალურ მონაცმეთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და მისი გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

  კონსულტაციები  

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ თემებზე მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს უფასო კონსულტაციას უწევს. ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია დაუკავშირდეს სამსახურს ზეპირი, სატელეფონო ან წერილობითი ფორმით და მიიღოს  კონსულტაცია საკუთარი უფლებების, მოვალეობების, კანონმდებლობის და მისთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ.

პერსონალურ მონაცმეთა დაცვის სამსახური ახორციელებს ყველა ტიპის ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს.

  • ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს კონტროლის ელექტრონული სისტემით, კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით და მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის ინსპექტირებით.
  • სამსახური ამოწმებს სასამართლოს განჩინების ან გადაუდებელ შემთხვევაში პროკურორის დადგენილების არსებობას და პროგრამულად დადასტურების შემდგომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო იწყებს სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერას.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ფარული საგამოძიებო მოქმედება კონტროლის ელექტრონული სისტემით თუ მისთვის კანონით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული განჩინება, პროკურორის დადგენილება, ან მითითებული დოკუმენტები შეიცავს ბუნდოვანება/უზუსტობას, ან მათში მითითებული მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს.
  • შეჩერებული ფარული საგამოძიებო მოქმედება გაგრძელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით შესაბამისი დოკუმენტის მიღების/ ხარვეზის აღმოფხვრის პროგრამულად დადასტურებისთანავე.
  • სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის გარდა, სამსახური აკონტროლებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს კონტროლის ელექტრონული სისტემის გამოყენებით და ინსპექტირებით.
  • აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ინსპექტირების განხორციელებისას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია არამხოლოდ შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალებში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს მისი საქმიანობის განხორციელებას, არამედ, გაეცნოს საიდუმლო დოკუმენტებს და შეამოწმოს მონაცემთა დამუშავებისას გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურა.
  • სამსახურის  მანდატი ასევე ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ დანაშაულის გამოძიების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე, მათ შორის კომპიუტერული მონაცემების - დოკუმენტის, ინფორმაციის, ინტერნეტტრაფიკისა და შინაარსობრივი მონაცემების მოპოვებაზე.
  • ზედამხედველობა ხორციელდება სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლი კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და ინსპექტირების გზით, რომელიც შეიძლება დაიწყოს როგორც მოქალაქის განცხადების, ისეპერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ინიციატივით.
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური ახდენს კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას, მათ შორის ჯარიმის დაკისრებას.
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე −138-ე მუხლებით და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს წარუდგენს.

  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება  

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ქვეყანაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრება კი მისი მისიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ინფორმირება პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის, მათი უფლებებისა და მოვალეობების, თანმხლები რისკების და სამსახურის საქმიანობის შესახებ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. იგეგმება და ხორციელდება არაერთი პროექტი, ღონისძიება და აქტივობა, კომუნიკაციის მრავალფეროვანი და თანამედროვე არხების, ციფრული და ინტერაქტიური ფორმების, მულტიმედია პლატფორმების, საგანმანათლებლო საქმიანობის გამოყენებით.

  საერთაშორისო ურთიერთობები   

პერსონალურ მონაცმეთა დაცვის სამსახური აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ მრავალმხრივ ფორმატში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებში, მათ შორის,  ევროსაბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის („T-PD”) საქმიანობაში. 2016 წელს ინსპექტორი, თამარ ქალდანი აირჩიეს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს წევრად,  2018 წელს კი - ბიუროს პირველ ვიცე-პრეზიდენტად.

სამსახური არის არაერთი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფისა და კონფერენციის აკრედიტებული წევრი; მათ შორისაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანება („CEEDPA“), ტელეკომუნიკაციების სფეროში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი (ე.წ. „ბერლინის ჯგუფი“) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გლობალური ქსელი („GPEN“) და სხვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაწილეობს ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში; აგრეთვე, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს („ევროპოლი“) შორის შეთანხმების გაფორმებაში და ამჟამად მონაწილეობს „ევროჯასტთან“ (ევროკავშირის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის ორგანო) შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში. სამსახური აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირთან სავიზო დიალოგის პროცესშიც.