ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-11

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ, ტრენინგების პირველი ციკლი დაასრულა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ, ტრენინგების პირველი ციკლი დაასრულა.

ტრენინგებს სამსახურის წარმომადგენლები მონაცემთა დაცვის საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ფიზიკურ და ონლაინ ფორმატში ყოველკვირეულად ატარებდნენ.

ჯამში, 17 შეხვედრის შედეგად 1400-მდე ადამიანი გადამზადდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესახებ ზოგადი კურსი გამიზნული იყო კერძო და საჯარო სექტორების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი სხვა პირებისთვის.

ტრენინგების მონაწილეებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია ახალი კანონმდებლობის, მოქალაქის უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონის ძირითადი დებულებები 1 მარტიდან ამოქმედდა, 1 ივნისიდან კი ისეთი სიახლე შედის ძალაში, როგორიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია.

სწორედ ამ მნიშვნელოვანი სიახლის გათვალისწინებით, მომდევნო ეტაპზე სამსახური გეგმავს ტრენინგ-კურსის დაანონსებას უშუალოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის, ან ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის. დეტალები სამსახურის სოციალურ ქსელსა და ოფიციალურ ვებ გვერდზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

აღნიშნული ფორმატების გარდა, კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, სამსახური აქტიურ რეჟიმში აგრძელებს შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში, კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე კონსულტაციებს, პირისპირ, სატელეფონო და ონლაინ ფორმატებში.

მსგავსი სიახლეები