ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-04-07

მანკიერი რეალობა, სადაც თქვენი ან სხვისი ჯანმრთელობის შესახებ პირად მონაცემებს არ უფრთხილდებიან


❌ ექიმთან ვიზიტისას ოთახში სხვა პაციენტთან ერთად მოხვდით, ეს ადამიანი ნამდვილად გეცნოთ, თქვენი მეგობრის მეგობარია და ახლა უკვე მისი პრობლემების შესახებ იცით.  მანაც იცის ...; ❌ ექიმი ოჯახის ახლობელი აღმოჩნდა და კლინიკაში თქვენი ვიზიტის და დიაგნოზის შესახებ თქვენი  ოჯახის წევრებმაც გაიგეს; ❌ ექიმმა თქვენი მეგობრის ანალიზების პასუხები უპრობლემოდ გამოგატანათ. ფიქრობთ, ნეტავ თქვენს პასუხებსაც თუ ასე უპრობლემოდ გაატანდა სხვს? ❌ აფთიაქში თქვენი შეძენილი ნივთების შესახებ ინფორმაციაც რატომღაც კარგად იცის დედამ, რომელსაც აფთიაქის ფარმაცევტმა სიხარულით მოჰკითხა თქვენი სამედიცინო ჩივილების შესახებ; ❌ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მოგივიდათ, რომ თქვენი ანალიზების პასუხები შემთხვევით სხვა ადრესატს გაეგზავნა; ❌ მეტიც, ამ კლინიკის მონაცემთა ბაზა კარგად დაცული არ ყოფილა და პაციენტების მონაცემები ინტერნეტში გავრცელებულა; ❌ თქვენი პატარა ძმა გიყვებათ, რომ მის კლასელს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წუხს, რადგან იგივე პრობლემა მის ოჯახის წევრებსაც ჰქონიათ. ფიქრობთ, ნუთუ რატომ დასჭირდა მასწავლებლებს ამ ინფორმაციის ბავშვებისთვის მიწოდება? ❌ სტომატოლოგიური კლინიკის ექიმმა შედეგის საილუსტრაციოდ ფოტოს გადაღება გთხოვათ. ახლახანს აღმოაჩინეთ, რომ ეს ფოტო თქვენი ნებართვის გარეშე კლინიკის სოციალური ქსელის გვერდებზე საჯაროდ არის განთავსებული; ❌ თანამშრომელი რამდენიმე დღეა აცდენს, ცუდად ყოფილა, ახლა  მისი დიაგნოზი მთელმა სამსახურმა იცის. კი მაგრამ საიდან ? - ხომ მთხოვა რომ არავისთვის მეთქვა, მარტო შენ და იმ დეპარტამენტის უფროსმა იცის ვისაც ჯანმრთელობის შესახებ ცნობა გავუგზავნეო!    

ის, რაც ახლა  წაიკითხეთ,  მანკიერი რეალობაა, სადაც თქვენი ან სხვისი ჯანმრთელობის შესახებ პირად მონაცემებს არ უფრთხილდებიან, არ იცავენ

   

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება

ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია რაც იმას ნიშნავს, რომ  ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, მასზე დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი მოქმედებს.
  • დიაგნოზი;
  • ბიოლოგიური და გენეტიკური მონაცემები;
  • ლაბორატორიული კვლევის შედეგები;
  • ექიმთან ვიზიტის, ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, წარსულში გადატანილი დაავადებების შესახებ ინფორმაცია;
  • სამედიცინო მომსახურების ხარჯების შესახებ ინფორმაცია
თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ამ და სხვა მონაცემების დამუშავებისას, ნებისმიერი კლინიკა, ლაბორატორია, სადაზღვევო კომპანია თუ ჯანდაცვის სფეროში მონაცემთა სხვა დამმუშავებელი ვალდებულია  დაიცვას კონფიდეციალობის საკითხი.   გახსოვდეთ: ✅ თქვენი უფლებაა, თავად გადაწყვიტოთ დაესწრება თუ არა ექიმთან ვიზიტს მესამე პირი; ✅ ექიმი ვალდებულია მკაცრად დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, სამსახურშიც და მის გარეთაც; ✅ სამედიცინო დაწესებულებამ თქვენი თანხმობის (წერილობითო ფორმით) გარეშე არ უნდა გასცეს ინფორმაცია სხვა პირებზე (გამონაკლისი შემთხვევების გარდა); ✅ სააფთიაქო ქსელის მხრიდან დაცული უნდა იყოს ინფორმაცია თქვენი შენაძენის, ფინანსური ანგარიშსწორების, ასევე ვიდეო გამოსახულების ან აუდიო ჩანაწერის შესახებ; ✅ სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების იმგვარი დაცვა, რომ ისინი რაიმე ფორმით არ მოხვდეს მესამე პირთა ხელში. ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღება მონაცემების დასაცავად; ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამდე უნდა დავფიქრდეთ  რა რისკები  ახლავს ამ ინფორმაციის გაცემას, რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია მას და კანონიერია თუ არა აღნიშნული ქმედება და შეესაბამება თუ არა ის ადრესატის სურვილს; სოციალურ ქსელში ორგანიზაციის მიერ თქვენი ფოტოს განთავსებამდე საჭიროა თქვენი თანხმობა (წერილობითი ფორმით). თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ აღნიშნული ფოტოს წაშლა; ✅ თქვენ უფლებაა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.   ერთად შევქმნათ გარემო, სადაც თქვენი, ჩვენი და სხვისი პირადი მონაცემები იქნება დაცული.        

მსგავსი ბიბლიოთეკა